საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში მორიგ სკანდალში გაეხვა
საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში მორიგ სკანდალში გაეხვა. ამჯერად განმარტებებს არჩილ გეგეშიძესგან ქართული ოცნებაც ელოდება. დიპლომატი აცხადებს, რომ პრორუსული პოლიტიკოსების არსებობა მმართველ გუნდში ქვეყანაში არსებულ პლურალისტურ გარემოზე მიუთითებს, თუმცა ახლა თბილისში ითხოვენ გეგეშიძემ დააკონკრეტოს, რომელი პოლიტიკოსები, უფრო ზუსტად კი რომელი მინისტრები იგულისხმა რუსეთის მხარდამჭერებად.
მთავრობაში პრორუსული მინისტრების ყოფნას კატეგორიულად უარყოფს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი პრორუსული ძალების მოხვედრას მომდევნო მოწვევის პარლამენტშიც პროგნოზირებს.
თავისუფალი დემოკრატებისთვის, ხელისუფლებაში პრორუსული პოლიტიკოსების არსებობის ახსნა პლურალისტური მიდგომით ელჩის მხრიდან მიუღებელია. პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავება დიპლომატ არჩილ გეგეშიძეს დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა ურჩიეს და ელჩს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის საერთაშორისო ასპარეზზე დაცვისკენ მოუწოდეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი მის ინტერვიუზე დამატებითი განმარტებების გაკეთება სავარაუდოდ თბილისში მოუწევს. არჩილ გეგეშიძე ამერიკის სახელწიფო მდივნის ვიზიტს დაესწრება, რომელიც 6 ივლისს გაიმართება.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.