ვიზალიბერალიზაცია შეჩერების მექანიზმის კონტექსტში განიხილება-მერკელის შეხვედრა კვირიკაშვილთან
გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარს დაუჭერს, თუმცა როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, ანგელა მერკელი არ აკონკრეტებს. საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ კანცლერმა განმარტა, რომ ეს საკითხი უკრაინასთან ერთად განიხილება.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე მერკელმა ისიც დაადასტურა, რომ ამ პროცესებზე გავლენას ქართველი კრიმინალების საქმიანობაც ახდენს.
ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერმინისტრთან პირველი მოლაპარაკების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
გერმანიის კანცლერთან შეხვედრამდე პრემიერმა დღეს მონაწილეობა ქართულ-გერმანულ ბიზნეს ფორუმშიც მიიღო, რომელსაც 100-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრებოდა. გიორგი კვირიკაშვილი დღესვე გერმანიის პრეზიდენტმაც მიიღო.
ავტორები: ნათია გოგსაძე, თამარ ნუცუბიძე, მალხაზ მეგრელიშვილი.