ცვლილებები საარჩევნო კოდექსში-საარჩევნო უბნებთან პოლიციელები დადგებიან
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებით, პოლიციელებს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება ექნებათ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სამართალდამცველები უბნებთან იმ შემთხვევაში გამოჩნდებიან, როდესაც საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შეექმნება.
ნაციონალურ მოძრაობაში მთავრობის ინიციატივა კორცხელის ინციდენტის გადაფარვისა და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეაფასეს.
ცვლილებების მიმართ კრიტიკული იყო ეროვნული ფორუმი. თავისუფალი-დემოკრატები კი სამართალდამცველების საარჩევნო უბნის გარეთ პატრულირებას არ ეწინააღმდეგებიან.
საარჩევნო კოდექსთან ერთად მთავრობას პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებიც აქვს ინიცირებული, რომლის მიხედვით, არჩევნების დროს მომხდარი დაპირისპირებისას, თუ სხეულის განზრახ დაზიანება ან ცემის ფაქტებს ექნება ადგილი, პატიმრობის ვადა 1 წლით იზრდება.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი, ელისო ჯარიაშვილი, ელენე ფირცხალაიშვილი, მამუკა ჯანაშია.