"ევროპული მომავალი ქართველი ერის ისტორიულ, გაცნობიერებულ და შეუქცევად არჩევანს წარმოადგენს,"-გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პირისპირ შეხვედრა, ცოტა ხნის წინ დასრულდა რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ კანცლერთან შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის თემა განიხილეს.
"ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ამისთვის ჩვენ 2013 წლის შემდეგ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, გავაძლიერეთ როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობები, რათა ევროპამ თავი დაცულად იგრძნოს მაშინ, როცა საუბარია უვიზო მიმოსვლაზე საქართველოდან. გავაძლიერეთ თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის, განვათავსეთ პოლიციის ატაშე ჩვენს საელჩოში. აქ ვიზიტით იმყოფება შს მინისტრი, ეს ყველაფერი მოწმობს ჩვენ შესაბამის სამსახურებს შორის თანამშრომლობაზე, რომელმაც შედეგი გამოიღო.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროპა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ თუმცა ამაყად ვდგავართ ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გვერდით სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ჩვენ მტკიცედ ვახორციელებთ ნატოში ინტეგრაციის ნაბიჯებს.
"ევროპული მომავალი ქართველი ერის ისტორიულ, გაცნობიერებულ და შეუქცევად არჩევანს წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ამ გზაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ და ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ კონფლიქტებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს და საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ მდგომარეობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში დიდ როლს თამაშობს გერმანია,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.