ღამის 10-ის ნახევარზე ჩანიშნული ბიუროს სხდომა და ნაჩქარევად მიღებული კანონი
81 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმცირესობა სესიას არ დასწრებია. დარბაზში ქართული ოცნების, ეროვნული ფორუმისა და რესპუბლიკელების წარმომადგენლები ისხდნენ. თუმცა, რესპუბლიკელებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.
პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული დოკუმენტი განსახილველად ვენეციის კომისიას მომდევნო კვირაში გადაეგზავნება.
ოპოზიციამ ვენეციის კომისიის ვიზირების გარეშე დაჩქარებულ რეჟიმში საკითხის განხილვას მხარი ბიუროს სხდომაზეც არ დაუჭირა. პირველად ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუროს სხდომა მოულოდნელად უმრავლესობამ ღამის 10-ის ნახევარზე, კომიტეტის სხდომა კი 10-ზე დანიშნა.
ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლების მიერ რუსთავი2-ის გაკონტროლების მიზნით მიმდინარეობს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დღეს პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას ელოდებიან თავისუფალი დემოკრატებიც და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელსაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იწვევს.
დაადებს თუ არა ვეტოს მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასმართლოს შესახებ კანონს, ამ ეტაპზე უცნობია.
პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლობაზე საუბრობენ კონსტიტუციონალისტებიც.
ნაჩქარევად მიღებული კანონი ძალაშიც ასევე სასწრაფოდ, გამოქვეყნებისთანავე შევა.
პრეზიდენტს 10-დღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად მას შემდეგ, რაც პარლამენტიდან დოკუმენტი ხელმოსაწერად ქვეყნის პირველ პირთან გადაიგზავნება.
ავტორი: ნატა მახვილაძე