"არ არის აუცილებელი პრეზიდენტი დაესწროს პარტიის ყრილობას," - მანანა კობახიძე
პარტია ქართული ოცნების ყრილობის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. უკვე ცნობილია, რომ გაერთიანება ხვალ პოლიტსაბჭოს ახალ, მნიშვნელოვნად შეცვლილ შემადგენლობას წარადგენს, თუმცა კონკრეტული გვარები ამ დროისთვის არ სახელდება. ყრილობას დაესწრება ორივე ყოფილი პრემიერი, თუმცა მოსაწვევი ამ დრომდე არ მიუღია საქართველოს პრეზიდენტს.
“რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას ყრილობაზე, პრეზიდენტი არის არსებითად ზე პარტიული თანამდებობის პირი, რაზეც ხშირად საუბრობს თავად ბატონი გიორგი მარგველაშვილი და ამ მოსაზრებიდან გამომდინარე მას არ გაეგზავნა მოსაწვევი“ - განაცხადა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
ფრაქცია ქართული ოცნების წევრის მანანა კობახიძის თქმით, არ არის აუცილებელი პრეზიდენტი დაესწროს პარტიის ყრილობას.
“პარტიის გადასაწყვეტია, შესაძლებელია არც იყოს. აუცილებელია პრეზიდენტი ჩვენს ყრილობას ესწრებოდეს? მე არ ვფიქრობ რომ ეს არის აუცილებელი, ეს ყოველ შემთხვევაში არც პრეზიდენტს დააკლებს რამეს და არც ჩვენ მოგვიმატებს რამეს“ - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის ფრაქცია რესპუბლიკელების წევრის ლევან ბერძენიშვილის თქმით, ყრილობის მუშაობაში ვინმე სხვამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
“მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ დავით უსუფაშვილი იქნება ამ ყრილობაზე. ეს არ არის ჩვენი ყრილობა, ჩვენ იქ არ უნდა ვიყოთ. შეიძლება მოწვეული სტუმრები ჰყავთ და შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარე დაპატიჟონ, მაგრამ არა მგონია ყრილობის მუშაობაში ვინმე სხვამ მონაწილეობა მიიღოს,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.