ყოფილი პოლიციელები მათთვის ბრალის წაყენებას პოლიციის მაღალჩინოსნებთან საუბრის ჩანაწერის გასაჯაროებას უკავშირებენ
საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, ნიკა ალიხანაშვილსა და არჩილ დავითულიანს ბრალი დღეს წაუყენეს. როგორც ბრალდებულები ყვებიან, 2015 წლის იანვარში ავტომობილი გადამოწმების მიზნით გააჩერეს, რის შემდეგაც მგზავრები, რომელთანაც ერთ-ერთი ადვოკატია, მათ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
ყოფილი პოლიციელები ამბობენ, რომ დაპირისპირების შემდეგ ისინი დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომანქანაში მყოფი პირების სისხლის სამართლის დანაშაულისთვის კი სხვა ეკიპაჟმა დააკავა. სწორედ ამიტომ ყოფილი პატრულები მათთვის წაყენებულ ბრალს, რომელიც უკანონო დაკავებასა და მტკიცებულებების ფალსიფიცირებას გულისხმობს, არ ეთანხმებიან.
ბრალდებულების ინფორმაციით, დაკავებულები იმ ღამესვე გაათავისუფლეს, ისინი კი საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებმა კაბინეტში დაიბარეს და პატაკის დაწერა მოსთხოვეს. სწორედ, პოლიციის მაღალჩინოსნებთან საუბრის ფარულად ჩაწერას და გასაჯაროებას უკავშირებენ ნიკა ალიხანაშვილი და არჩილ დავითულიანი ერთი წლის შემდეგ წაყენებულ ბრალს.
ბრალს აბსურდულს უწოდებს ყოფილი პოლიციელების ადვოკატიც. გოგა ონიანმა დღეს ის ოქმი გაასაჯაროვა, სადაც წერია, რომ ავტომანქანაში მსხდომი პირების დაკავება, არა ნიკა ალიხანაშვილსა და არჩილ დავითულიანის, არამედ სხვა პოლიციელის მხრიდან მოხდა.
ავტორები: თათია ხორბალაძე, გიორგი ცანავა, ლიკა გოგიშვილი.