"საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევით განხორციელებული ქმედება," - ბაქრაძე სამხრეთ ოსეთთან ე.წ. საზღვრის ხელშეკრულების რატიფიცირებას აფასებს
საქართველოს მთავრობის წევრები რამდენიმე დღის წინ რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთთან ე.წ. საზღვრის ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა. ხელისუფლების წევრები ამ ფაქტს ოკუპაციის გაგრძელებად მიიჩნევენ.
“ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით განხორციელებული ქმედება. ოკუპაციის და მცოცავი ანექსიის მცდელობები რუსეთის მხრიდან გრძელდება, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა არის გაერთიანებული ამის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეშვილის თქმით, მოხდა ამ უკანონო ხელშეკრულების ასევე უკანონო რატიფიცირება.
“დიდი ხანია ამ უკანონობას მოეწერა ხელი, უბრალოდ მოხდა ამ უკანონო ხელშეკრულების ასევე უკანონო რატიფიცირება, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. მსოფლიოს მიერ უკვე დაგმობილია დიდი ხანია და ეს არაფრად არის ცნობილი. ოკუპაცია გრძელდება, რაც დაიწყო სამწუხაროდ 2008 წელს და ეს წინა ხელისუფლებამ ვერ აიცილა თავიდან აი ამის გაგრძელება ხდება დღეს,“ - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.