შპს"მაქს-ბეთი"-კომპანია, რომლის 100%-იან წილს კალაძე მფლობს, თუმცა ის ვიცე-პრემიერის დეკლარაციებში არ ჩანს
პანამის ოფშორული დოკუმენტების სკანდალის შემდეგ ყოფილი თუ დღევანდელი მაღალჩინოსნების ქონება საინტერესო გახდა.
პოსტსკრიპტუმი ვიცე-პრემიერის კახა კალაძის დეკლარაციით დაინტერესდა. მისი ქონებრივი დეკლარაციების სამეწარმეო რეესტრთან შედარებისას აღმოჩნდა, რომ საქართველოში 2006 წელს რეგისტრირებული კომპანია შ.პ.ს. მაქს-ბეთის 100%-იანი წილის მფლობელი დღემდე კახა კალაძეა, თუმცა ენერგეტიკის მინისტრს თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ოთხჯერ შევსებულ დეკლარაციებში მაქს-ბეთი არც ერთხელ შეტანილი არ აქვს.
კანცელარიაში მედიასთან შეხვედრამდე მინისტრმა კომპანია ვერ გაიხსენა.
პოსტსკრიპტუმმა ვიცე-პრემიერს კომპანიის უახლესი ამონაწერი გადასცა.
დოკუმენტის მიხედვით მაქს-ბეთი 2006 წელს კახა კალაძემ, ანდრო ბარათაშვილმა. მერაბ უნგიაძემ, ალექსანდრე გილიგაშვილმა და ალბერტ კაპანაძემ დააფუძნეს. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი მაშინ 500 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა, აქედან კახა კალაძის წილი 125 000 ამერიკული დოლარი იყო.
საქმიანობის ძირითად სფეროდ საზღვაო ტრანსპორტის საწვავის იმპორტი განისაზღვრა.
კახა კალაძე საბუთების გაცნობის შემდეგ პოსტსკრიპტუმის ჯგუფს ხელახლა შეხვდა, თუმცა განაცხადა, რომ მას კომპანიის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ახსოვდა. მინისტრმა თქვა, რომ მაქს-ბეთი მეგობრებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით დააფუძნა. მოგვიანებით დააზუსტა, რომ მეგობრები და დამფუძნებლები ერთი და იგივე პიროვნებები არ იყვნენ.
ავტორები: ლაშა კვესელაძე, ალექსანდრე თვარაძე.