"ქართული ოცნების" სიაში იქნებიან ახალი სახეები, რომელსაც შესაძლოა დღეს საქართველო ნაკლებად იცნობდეს,“ - გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მის მთავარ გამოწვევებზე და ასევე ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ დავამტკიცო, რომ მე დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვიქნები. ვფიქრობ, რომ ამის დამტკიცება არ მჭირდება. გამოწვევები გაცილებით უფრო სერიოზული გვაქვს ქვეყანაში. მთავარი გამოწვევაა ის, რომ შეექმნათ უსაფრთხოების ისეთი დონე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ საკუთარი ინიციატივები განახორციელონ და უსაფრთხო პიროებებში შეძლონ დამატებითი შემოსავლების მიღება. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დღევანდელ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ეს ასე არ არის. მე მაქვს მასთან ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში და ვფიქრობ, კიდევ არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. მე ყოველთვის მქონდა მასთან ძალიან გულწრფელი, ღია ურთიერთობა. არასდროს ვერიდებოდი დებატებს მასთან და არაერთ საკითხზე მქონია მწვავე კამათი. ეს იყო მისი ინიციატივა პირველ რიგში, რომ ჩემი კანდიდატურა ყოფილიყო წარდგენილი. ის გახლავთ ქართული ოცნების დამფუძნებელი, აქვს მორალური უფლება, რომ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვას,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა განახლებულ ქართული ოცნებაზე და იმ პირებზე, რომლებიც ახალ სიაში მოხვდებიან.
„მათ შორის იქნება ბევრი ცნობილი ადამიანია, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი რეპუტაცია, იქნებიან ახალი სახეებიც, რომლებსაც შეიძლება საქართველო დღეს ნაკლებად იცნობდეს. ეს იქნებიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავი დაიმკვიდრეს. ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის ჰქონდა პიროვნებებს მნიშვნელობა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.