პროკურატურის პირველი ანგარიში ფარულ კადრებზე-უწყების განცხადებით მასალის გავრცელების პრევენციის გეგმა არ არსებობს
თითქმის ერთთვიანი გამოძიების შემდეგ მთავარმა პროკურატურამ პირველი ანგარიში წარმოადგინა და პირველად დაადასტურა, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დახმარება გამოძიების ფედერალურ ბიუროს სთხოვა, მეტი თვალსაჩინოებისთვის კი საგანგებო ბრიფინგზე შოთაძის უწყებაში დღეს ამერიკის საელჩოს სამართლებრივი ატაშეც იმყოფებოდა, თუმცა მოცემულობა დღევანდელი ანგარიშის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ისევ პასუხგაუცემელია.
ერთადერთი რაც დღეს გახდა ცნობილი ის არის, რომ ფარული ჩანაწერები საქართველოდან ატვირთული არ არის, თუმცა პროკურატურამ გამოძიების ინტერესების მოტივით არ დააკონკრეტა აქვთ თუ არა ინფორმაცია შესაძლო დამნაშავეებზე, რომლებიც მოქალაქეების მორალურ ტერორს ახორციელებენ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ის გახდა რომ, პროკურატურამ 25 სახლის გაჩხრიკა, რამდენიმე ათეული მეხსიერების ბარათი და სხვადსხვა ტექნიკა ამოიღო, თუმცა საგანგებო ბრიფინგზე არ უსაუბრიათ იმის შესახებ, გავიდა თუ არა გამოძიება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად რაიმე კვალზე.
მთავარი პროკურორის მოადგილემ დღეს ისიც დაადასტურა რომ, არ არსებობს გეგმა, რომელიც ფარული კადრების გავრცელების პრევენციას მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის ფაქტზე, გამოძიება მთავარ პროკურატურაში სამი კვირაა მიმდინარეობს.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.