ან ვერ იძიებენ, ან არსებობს პოლიტიკური ინტერესი - ხუხაშვილი ფარულ ჩანაწერებზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მრჩეველი, ექსპერტი გია ხუხაშვილი ორი დღის წინ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების ფაქტს ეხმაურება.
ხუხაშვილი მომხდარზე პოსტსკრიპტუმთან საუბრობს და ამბობს, რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომელებიც წინა ხელისუფლების დროს ამას აკეთებდნენ, შეინარჩუნეს საკადრო სისტემაში.
ექსპერტი კომენტარს ძველი საქმეების გამოუძიებლობაზეც აკეთებს და ამბობს, რომ არსებობს ორი ვერსია - ან სამართალდამცავები ვერ იძიებენ საქმეს ან არსებობს პოლიტიკური ინტერესი.
„აქ ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, ან ვერ იძიებენ, ან არსებობს რაღაც პოლიტიკური ინტერესი. დიდწილად ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ამას აკეთებდნენ, შეინარჩუნეს თავის საკადრო სისტემაში. მე მარტივ მაგალითს გეტყვით, ეს ცნობილი თემაა, როდესაც ჩემი სახლი ჩამოიბურღა და იქედან მისმენდნენ და მიყურებდნენ, მარტივი რამეა, მე თვითონ ხელისუფლების წევრი ვიყავი, დღემდე ეს თემა არ არის გამოძიებული. ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ეს ჩანაწერები ჰქონდეს ბევრ მხარეს. რა თქმა უნდა, დასაშვები ვერსიაა, რომ ამას აკეთებდეს ხელისუფლების რომელიმე ჯგუფი, ასევე შესაძლებელია, პოლიტიკური ოპონენტებიც აკეთებდნენ გარკვეული მიზნებით და ეს გასაგებია იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ამ ყველაფრით ისევ ხელისუფლება ზიანდება. მე არ მგონია, რომ ეს ყველაფერი კვირიკაშვილს მოსწონდეს. არც იმას ვფიქრობ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს ან ღარიბაშვილს მოსწონდა. მე სხვა რამეს ვამბობ, მე ვამბობ იმას, რომ ძალაუფლება რყვნის ადამიანებს და რასაც ებრძოდი ან აკრიტიკებდი, როდესაც შენ თვითონ გივარდება ხელში, ხშირ შემთხვევაში არ გეთმობა,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.