სკანდალური კვლევა-მერებისა და გამგებლების დამალული ქონება
საქართველოს სულ ცოტა ხუთი თვითმმართველი ქალაქის მერი, საკუთარ ქონებას მალავს – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საინფორმაციო ცენტრების ქსელის კვლევაშია ნათქვამი. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია გორის, ახალციხის, ფოთის, ზუგდიდის და ოზურგეთის მერების იმ უძრავ ქონებასა და კომპანიებზე, რომლების შესახებაც მათ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითეს. ბრალდებას ხუთივე ქალაქის ხელმძღვანელი უარყოფს.
ოზურგეთის მერი ერთ-ერთია ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია საინფორმაციო ცენტრების ქსელმა კანონდამრღვევთა სიაში მოიხსენია. ცენტრის ინფორმაციით ბეგლარ სიორიძემ ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს სამეწარმეო საქმიანობა დამალა. თავად მერი ბრალდებებს უარყოფს. ამბობს, რომ გადაცდომა არც ქონებრივი დეკლარაციის შევსების კუთხით აქვს და არც ის კანონი დაურღვევია, რომელიც საჯარო მოხელეს ბიზნესში ჩართვას უკრძალავს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით კი ოზურგეთის მერი 5 სხვადასხვა საწარმოში ფლობს წილებს. ინფორმაციას ადასტურებენ რიგითი ოზურგეთელებიც და იმ მაღაზიებსა თუ დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები, რომლებიც მათი ინფორმაციით ქალაქის მერს ეკუთვნის.
საინფორმაციო ცენტრების ქსელის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით ასევე საკმაოდ დიდია ზუგდიდისა და ახალციხის მერების ბიზნესების ჩამონათვალიც. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესების შემთხვევაში დოკუმენტაციის გამოძიებისთვის გადაცემას გეგმავენ.
ავტორები : ეკა გაგუა , გიორგი მაისურაძე