მინისტრები პარლამენტში, დეპუტატები მთავრობაში - ოცნების სიაზე მუშაობა დაწყებულია
თეა წულუკიანი, კახა კალაძე და სოზარ სუბარი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საარჩევნო სიაში გადაინაცვლებენ.
გაზეთ ქრონიკა პლიუსის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი, არ ადასტურებს.
სტატიის მიხედვით, ამჟამად სიაში მოხვედრის გარანტია მხოლოდ 3 მინისტრს და 4 დეპუტატს აქვს. მათ შორის არიან: გია ვოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი სესიაშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე.
გაზეთის რედაქტორის, ელისო კილაძის, ინფორმაციით, სიის მიღმა დარჩებიან ეკა ბესელია და მანანა კობახიძე.
მედიაში აქტიურად წერენ ქართულ ოცნებასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის არსებულ დაპირისპირებაზეც.
გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკელები პარლამენტში კვოტის გაზრდას 15-მდე მოითხოვენ. ამ თემაზე თავად რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. უმრავლესობაში კი აღიარებენ, რომ მოლაპარაკებები მანდატების წილის გარშემო დაძაბულობის გარეშე ვერ ჩაივლის.
გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილმა საპარლამენტო სიაში ორი ადგილი ანსამბლ ქართულ ხმების წევრებსაც მისცა. საუბრობენ იმაზეც, რომ სიის ათეულში მოხვედრის სანაცვლოდ დედაქალაქის მერი მზად არის, თანამდებობა დატოვოს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი