რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველო რუსეთს ჩრდილოეთი-სამხრეთის ბერკეტს უთმობს
ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, საქართველოს გავლით სომხეთისთვის გაზის ტრანზიტში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ბერკეტს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებები 20 წლის განმავლობაში ისე იყენებდა, რომ აქამდე რუსეთმა ამის შეცვლა ვერ გაბედა. ახლა კი სწორედ ამის შეცვლას ცდილობს.
ამის შესახებ რომან გოცირიძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„20 წლის განმავლობაში საქართველო რეალურად იყენებს სომხეთთან ტრანზიტის ბერკეტს. ვერ გაბედა რუსეთმა, რაიმე ცვლილება შეეტანა ამ სქემაში იმის გამო, რომ რუსეთს სომხეთის მომარაგების არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ, რომელმაც აქვე სომხეთთან მიმართებაში რუსეთის არასწორ პოლიტიკასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სომხეთს ენერგოდამოუკიდებლობის გზები მოუჭრა, რომელიც სომხეთს ირანთან გაზის მილის გაყვანის შემდეგ გაუჩნდა.