"გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებზე კახი კალაძესთან კითხვები მმართველ გუნდშიც აქვთ
ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესთან შეკითხვები გაზპრომთან დაკვშირებით მისივე გუნდის წევრებსაც აქვთ. თამარ კორძაიას მტკიცებით, ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებები, იმ განმარტებებისგან განსხვავდება, რომლებიც ოქტომბერში რესპუბლიკური ფრაქციის წევრებმა მათ კითხვებზე პასუხად მიიღეს. რესპუბლიკელებისთვის გაურკვეველია, გათვლილია თუ არა ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელი რისკები.
თამარ კორძაიას მმართველი გუნდიდან უპასუხეს. გია ვოლსკი კოლეგებს სკანდალური განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ენერგეტიკის მინისტრის დაბარებას პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე ოპოზიცია ითხოვს. კახი კალაძეს და ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს უმცირესობა გაზპრომთან გარიგებაში ადანაშაულებს. ოპოზიცია იმ დოკუმენტაციის გასაჯაროებასაც გეგმავს, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრემიერი გაზპრომის ყველაზე მსხვილი აქციონერია.
ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის მიერ გაზპრომის ინტერესების ლობირებაზე საუბრობენ არასაპარლამეტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
ამ ეტაპზე უცნობია მოხდება თუ არა პარლამეტში გაზპრომთან მოლაპარაკებების საკითხზე კახი კალაძის მოსმენა. რიგგარეშე სესიები სავარაუდოდ იანვრის ბოლოს გაიმართება.
ავტორი: ნატა მახვილაძე.