თავისუფალი დემოკრატები ლევან მურუსიძის წინააღმდეგ
ფრაქცია თავისუფალმა დემოკრატებმა პარლამენტში პეტიცია გადააგზავნა, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით არჩეული პირებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.
დემოკრატები ლევან მურუსიძის წინააღმდეგ გამოდიან და სასამართლო სისტემის წამოწყებულ რეფორმას "სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულს" უწოდებენ.
ნაციონალური მოძრაობაში, რომელსაც თავის დროზე იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, აცხადებენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემაში დაწყებული რეფორმა არა მის დამოუკიდებლობას, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდზე დაქვემდებარებას ემსახურებოდა.
მოაწერენ თუ არა ხელს ოპოზიციური ფრაქციის პეტიციას, ჯერ არ იციან მმართველ გუნდში. თუმცა, მათი ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობის ნაწილის რეპუტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და არც ცვლილებებს გამორიცხავს.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ბრალდებების მთავარ ადრესატს ოპოზიციის მიმართვაზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად, უცნობი რჩება, რას გეგმავს ლევან მურუსიძე, რომლის წინააღმდეგაც პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება უახლოეს დღეებში დაიწყება.
ავტორი: ანა წერეთელი