ღარიბაშვილს თავისუფლად შეუძლია, ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი - ბიძინა ივანიშვილი
"მას თავისუფლად შეუძლია, ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი," - ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებასა და მის სამომავლო პერსპექტივაზე საუბრისას გადაცემა 20/30-ის ეთერში საუბრისას გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, არასწორია, რადგან, მისი შეფასებით, ეს პოსტი ყოფილი პრემიერისთვის "მომხიბლავი არ იქნება".
"თუ სურვილი გაუჩნდება ირაკლის, გარწმუნებთ, რომ გუნდი მას სიხარულით დაიბრუნებს და მიიღებს. გარდა ამისა, თუ მას სურვილი გაუჩნდება არა ამ გუნდში, არამედ სხვა გუნდში, მას თავისუფლად შეუძლია, ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი. მას ამის რესურსი გააჩნია და ეს არის ყველაზე საინტერესო," - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, მან ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებაც შეაფასა და თქვა, რომ მან გადაწყვეტილება დროზე ადრე მიიღო.
"მე და ირაკლის გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და გვქონდა ერთნაირი შეხედულებები. ჩვენ დროსთან დაკავშირებით ვიყავით განსხვავებულ პოზიციაზე. ირაკლიმ იჩქარა ბოლო დროს. შეიძლებოდა ეს უფრო გვიანაც მომხდარიყო," - ამბობს ივანიშვილი.