ევროპის 30 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის პირობები მოგზაურობის 90-დღიან ვადას ითვალისწინებს
ევროპის 30 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის პირობები მოგზაურობის 90-დღიან ვადას ითვალისწინებს. საქართველოს მოქალაქეს შეეძლება, 6 თვის განმავლობაში ეს დღეები ერთი ან რამდენიმე ვიზიტის დროს დახარჯოს.
განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელია ნებისმიერი მიზნით. პირობები გრძელვადიან მოგზაურობას არ ითვალისწინებს, მათ შორის არც მუშაობის, განათლების ან მკურნალობის მიზნით.
ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში შესასვლელად ძირითადი დოკუმენტი მოქალაქეობის დამადასტურებელი ბიომეტრიული პასპორტია. თუმცა, საზღვრის გადაკვეთამდე შესაძლოა, მოთხოვნას კიდევ რამდენიმე დოკუმენტი დაემატოს. მათ შორის, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სასტუმროს ან დროებითი საცხოვრებლის ჯავშანი.
უვიზო პირობებით სარგებლობა შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებსაც.
საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, უვიზოდ მიმოსვლის პირობით ისარგებლებენ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრი ქვეყნების მოქალაქეებიც საქართველოში შემოსვლის დროს.
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს. უწყებაში აცხადებენ, რომ საზღვრის დაცვისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობა დასრულდა.
უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ უცხოელი კოლეგებისგან მილოცვები უკვე მიიღო. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე