ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის ბრალდებები - მერიამ შესაძლოა, ბაღი ტურისტულ ზონად გადააქციოს
თბილისის მერს ბოტანიკური ბაღის უკვე ყოფილი დირექტორის გათავისუფლების შესახებ საუბარი არ სურს. მერის მოადგილე კი, რომელიც თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილმა დირექტორმა, ნინო გოცაძემ, ზეწოლაში და იძულებით თანამდებობის დატოვებაში დაადანაშაულა, ბრალდებას უარყოფს.
ნინო გოცაძის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი მერიის იმ გეგმებს უკავშირდება, რომლებიც თბილისის მთავრობას ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში აქვს, მათ შორის ტერიტორიაზე ტურისტული ზონის მოწყობის შესახებ.
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის ბოტანიკურ ბაღთან ასეთი სიახლოვე ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ამ ტერიტორიაზე ყოფილი პრემიერის ინტერესების შესახებ ოპოზიციაში ეჭვები გაჩნდა. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მერიის ხელშეწყობით ეს ტერიტორიაც ივანიშვილს პროექტ პანორამა თბილისისთვის სჭირდება.
ივანიშვილის ბიზნესინტერესებზე ოპოზიცია მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის ახალ უფროსად, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ დარჩიძე დაინიშნა. სწორედ დარჩიძის სახელს უკავშირებენ ოპონენტები ივანიშვილის სასარგებლოდ ბათუმში გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის ერთ-ერთი მწვანე კონცხის ტერიტორიაზე არსებული მიწის გასხვისებაა.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ირაკლი შეწირული, თამარ შალოშვილი.