ჟენევის მოლაპარაკებების 34-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა - ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები დატოვეს
ჟენევის მოლაპარაკებების 34-ე რაუნდი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მხარეებმა საკუთარი პოზიციები კვლავ დააფიქსირეს, თუმცა ჰუმანიტარული ჯგუფის მუშაობა დროებით გადაადგილებულ პირებზე საუბრისას შეწყდა.
ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები დატოვეს, რისი მიზეზიც დროებით გადაადგილებულ პირებზე მსჯელობა გახდა. ამის შემდეგ თანათავმჯდომარეებმა, პროტოკოლის მიხედვით, მიიღეს გადაწყვეტილება, დისკუსია შეეწყვიტათ. ეს ინფორმაცია გრიგორი კარასინმა დაადასტურა.
ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები ამგვარად იქცევიან და დისკუსიის შეწყვეტის მიუხედავად, ქართულმა მხარემ ყველა აქტუალური საკითხი დააყენა.
განსხვავებული განცხადება გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა. ვიაჩესლავ ჩირიკმას თქმით, დისკუსიის შეწყვეტის ინიციატორები თანათავმჯდომარეები იყვნენ.
მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. გრიგორი კარასინის თქმით, რუსულ მხარეს არ მოსწონს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ანტირუსული რიტორიკა და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება.
„მთავარი საკითხია საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მკაფიო ანტირუსული რიტორიკა. პირველ რიგში ეს ეხება თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსებისთვის სანქციები სულერთია, რადგან ეს ხალხი მიჩვეულია 900 დღე ძაღლების და კატების ჭამას. იგულისხმება ლენინგრადის ბლოკადა. ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს,“-განაცხადა კარასინმა.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე.