ნიკორას დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თბილისში რამდენიმე დღის წინ მაღაზია ნიკორას დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად, დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნუკრი ი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 2015 წლის 30 ნოემბერს, ღამით, თბილისში, ნიკორას საფირმო მაღაზიაში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდი გასროლით მაღაზიის დაცვის თანამშრომელი გივი ღ. დაჭრა, ამავე იარაღიდან მოლარის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, 250 ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავეს.
დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.