"კორუფციული რისკები ვერ გაიზრდება,"- არჩილ თალაკვაძე ახალ რეგულაციებზე საუბრობს
"კორუფციული რისკები ვერ გაიზრდება,"- ასე გამოეხმაურა კურიერის პირდაპირ ეთერში შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იმ ბრალდებებს, რომელიც 100 ქულიანი სისტემის დანერგვის შესახებ შს სამინისტროს ახალ ინიციატივას მოჰყვა.
თალაკვაძე ამბობს, რომ აღნიშნული პროცედურა პროგრამულად მოხდება. შესაბამისი დარღვევის დაფიქსირების შემდეგ ქულას არა საპატრულო პოლიცია, არამედ სპეციალური პროგრამა ჩამოაჭრის.
თალაკვაძე ამბობს, რომ სისტემა, რომელიც საქართველოში ინერგება ითვალისწინებს წელიწადში 100 ქულას, რომელსაც ყოველი დაჯარიმების დროს გარკვეული რაოდენობა მოაკლდება. იმ შემთხვევაში თუ ქულა განულდება მძღოლი ვალდებული იქნება თავიდან ჩააბაროს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი. აღსანიშნავია, ისიც რომ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ დროში ქალაქში მოძრაობის დროს მოხდება.
შს სამინისტროს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ 2 ჯარიმის შემთხვევაში მძღოლს 100 ქულა არ გაუნულდება, თალაკვაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს აღნიშნა, რომ სისტემა დახვეწის რეჟიმშია.