გიორგი მდინარაძე ლაშა კვირკვაიას გარდა ათამდე პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსის დაკავება, დაზარალებულისთვის საკმარისი არ არის. ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, რომ მას ფიზიკურად სამმართველოს უფროსი ლაშა კვირკვაია გაუსწორდა თუმცა, მისივე თქმით, მასთან ერთად უფროსის მოადგილე და სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ადვოკატი პროკურატურას კიდევ 10-მდე პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას თხოვს.
განცხადება ვაკის სამმართველოს უფროსის დაკავების შესახებ დღეს პროკურატურამ გაავრცელა, გამოძიებამ ლაშა კვირკვაია 333-ე მუხლით დააკავა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით ადვოკატის ცემის ფაქტზე უკვე დაიკითხა 18 სამართალდამცველი, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და დაინიშნა ექსპერტიზაც. საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გასაჯაროებას გეგმავს.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.