"რეფორმატორები" ყოფილ თანაგუნდელებს პარტიის დოკუმენტაციის გაყალბებაში ადანაშაულებენ
"რეფორმატორები" ყოფილ თანაგუნდელებს პარტიის დოკუმენტაციის გაყალბებაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ პარტიამ საგანგებო განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარტიიდან წასულებმა რეფორმატორების სახელით განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ პროკურატურამ მათ წინააღმდეგ გამოძიება რუსთავი2-ის მხარდაჭერის გამო დაიწყეს და ამასთან, პარტიის ლიდერი, ირაკლი ღლონტი, რომელიც, მათი თქმით, პარტიამ თავმჯდომარეობიდან გადააყენა, პროკურატურაში მისი მეგობრების მეშვეობით ცდილობს შურისძიებას.
რეფორმატორები ამ განცხადებას უარყოფენ და ამბობენ, რომ პარტიის ყოფილმა წევრებმა, რომლებიც, ამ განცხადების მიხედვით, პარტიიდან ჯერ კიდევ იანვარში არიან გარიცხულები, პარტიის ბეჭედი მოიპარეს და ამის მეშვეობით საბუთების გაყალბება სცადეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ საბუთების გაყლბების გამო არ დაარეგისტრირა სააჯარო რეესტრმა მათ მიერ პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადაყენების აქტი და საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადასცა.
"გიორგი ჟამუტაშვილისა და დავით მიროტაძის მხრიდან ადგილი აქვს სიყალბეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რის გამოც მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყონებლივ გააკეთოს სპეციალური განცხადება, თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. ასევე მოვითხოვთ, რომ საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელოს მიმართვა, რის გამო ეთქვა უარი გიორგი ჟამუტაშვილსა და დავით მიროტაძეს ცვლილებების განხორციელების თაობაზე, ვინაიდან მათი მხრიდან ადგილი აქვს სამართლებრივი დავისათვის პოლიტიკური სარჩულის შექმნას," - ნათქვამია განცხადებაში.