„საქართველოში ავტორიტარული, ოლიგარქიული რეჟიმი მყარდება" - კახა კუკავა
არასაპარლამენტო ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. პარტიებმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ და ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
„კოდექსი არ ვარგა, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება, უმძიმესი სოციალური ფონია. არასაპარლამენტო ოპოზიციამ კონსულტაციები დავიწყეთ, რათა ხელისუფლებზე სერიოზული ჩარევა და ზეწოლა მოხდეს, რომ მან რეალური ნაბიჯები გადადგას,“ - განაცხადა ედპ-ს თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბოიკოტით საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურთ.
„საქართველოში ავტორიტარული, ოლიგარქიული რეჟიმი მყარდება,“ - განაცხადა თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ, კახა კუკავამ.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოპოზიციის განმარტებით, ბოიკოტი ფართომასშტაბიან წინააღდეგობაში გადაიზრდება.
„გადავწყვიტეთ აქტიური ბოიკოტი გამოგვეცხადებინა შუალედური არჩევნებისთვის, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ, 2016 წლის არჩევნებისთვის სერიოზული საარჩევნო რეფორმები გაატაროს,“ - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.
პოლიტიკური პარტიები ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრების აღდგენასაც ითხოვენ.
ავტორი: თეონა ცხომელიძე