იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებენ
საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ დაადასტურა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებენ. პროკურატურამ ორივე ქვეყანას უკვე მიმართა დახმარების მოთხოვნით.
„საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი შესაბამისი შუამდგომლობა დახმარების აღმოჩენის თაობაზე როგორც საფრანგეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს შუამდგომლობა დაკავშირებულია იმ პირების დადგენასთან, ვისთანაც ჰქონდა გიორგი სოსანაშვილს კავშირი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომ დადგინდეს ის პიროვნება, ვისი გენეტიკური პროფილის მინორული წილი აღმოჩენილია ბერკეტზე. შესწავლილია ყველა სატელეფონო ზარები რაც განხორციელებულია და ერთ-ერთი ზარი არის განხორციელებული საფრანგეთში და პროკურატურას აინტერსებს კონკრეტულად ვისთან გახორციელდა ეს სატელეფონო ზარი. ჯერ არ ვიცით კონკრეტული პირის ვინაობა,“ - აცხადებს პროკურორი ლაშა ცხვიტარია.
საზღვარგარეთ არსებულ კვალზე საუბრობს იური ვაზაგაშვილის ადვოკატიც, თუმცა გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე ამბობს, რომ მომხდარიდან რამდენიმე დღეში პროკურატურისთვის უკვე ცნობილი იყო ვისთან განახორციელა ზარები გია სოსანაშვილმა და ეს პიროვნებები არიან ზაზა სიმონიშვილი და გივი სილაგაძე, რომლებიც გია სოსანაშვილის მეგობრები არიან და შესაბამისად ადვოკატისთვის გაუგებარია ვის ეძებს მთავარი პროკურატურა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.