სუპერ თასის მატჩი თბილისში შესაძლოა აფხაზეთში შიდა დაპირისპირების მიზეზად იქცეს
თბილისში ჩატარებული UEFA-ს სუპერთასის მატჩი საოკუპაციო რეჟიმის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. აფხაზეთის ადგილობრივი რეჟიმის მხარდამჭერებმა ბარსელონა-სევილიას თამაშზე აფხაზეთიდან დედაქალაქში ჩამოსული მოქალაქეები საზღვრის დარღვევასა და აფხაზი ხალხის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. საგანგებო განცხადება 1992-93 წლების ომის მონაწილეებმა გაავრცელეს. საზოგადოებრივმა მოძრაობა არუნამ ფეხბურთის საყურებლად გადმოსული ახალგაზრდების დასჯა მოითხოვეს.
ადგილობრივი რეჟიმის ასეთი დამოკიდებულება თბილისში ჩამოსული აფხაზების მიმართ მიუღებელია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილისთვისაც. ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტის მიმართ პოლიტიკური კონტექსტის მინიჭება დაუშვებელია და ქართველებისგან მტრის ხატის შექმნის სტრატეგიას აფხაზეთში პერსპექტივა არ აქვს.
საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად ენგურს მიღმა დარჩენილ მოქალაქეებს ოფიციალური სტრუქტურებიდან საგანგებო ნებართვები სჭირდებათ. ფეხბურთის სანახავად გადმოსულ ახალგაზრდებს მსგავსი ნებართვები ჰქონდათ, თუმცა მათ ჩამოსვლასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის სამართალდამცველი ორგანოები უკვე მოკვლევას ატარებენ.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.