ვიზიტი გაერო-ში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მორიგი გაურკვევლობის საბაბი ხდება
მორიგი გაუგებრობა პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის კვლავ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას უკავშირდება. სექტემბრის ბოლოს ნიუ-იორკში 70-ე სესიაზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა. პარალელურად ირკვევა, რომ შეერთებულ შტატებში მიწვეულია პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რომელსაც ასევე აქვს დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრები.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობებში თენგიზ ფხალაძე შარშანდელ ფაქტს იხსენებს და პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ გადადგმულ სამარცხვინო ნაბიჯებზე საუბრობს.
„შარშანდელი პრეცედენტი სამარცხვინო იყო და ეს იყო ქრესტომათიაში შესატანი - როგორ არ უნდა მოქმედებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები. კერძოდ, სირცხვილია როდესაც იმალება პრეზიდენტის სახელზე მოსული წერილები მიზანმიმართულება ნაბიჯების, რომელიც გადადგმული იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისათვის და გადადგმული იყო იმ წუთიერი პოლიტიკური კონიუქტურის გამო, ეს იყო ძალიან ცუდი და მართლა აღარ მეგონა, რომ ეს თემა წამოიწეოდა,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას მიმდინარე დღეებში გეგმავს.