„სეპარატისტებს ეშინიათ საქართველოს წინსვლის" - პაატა დავითაია
"სეპარატისტული სოხუმის ხელისუფლებას ქართველებსა და აფხაზებს შორის სამოქალაქო ურთიერთობაც კი აშინებს" - ასეთ განცხადებას აკეთებენ პოლიტოლოგები მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია აფხაზეთში იმ გულშემატკივრების დევნის დაწყების შესახებ, რომლებიც თბილისში სუპერთასზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.
სხვადასხვა ცნობებით დედაქალაქში 10-დან 50-მდე აფხაზი იყო ჩამოსული. ახლა მათ შესაძლოა პრობლემები შეუქმნან ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანმა უწყებებმა.
„ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც დემონსტრაციულად მოხდა გადმოსვლა იმიტომ, რომ ახალგაზრდები რომლებიც ესწრებოდნენ საფეხბურთო მატჩს მათ სელფებიც კი გადაიღეს და დადეს სოციალურ ქსელში. ამან გამოიწვია განსაკუთრებული გაღიზიანება. თუ საველე მეთაურს დელბას შეუძლია სამკურნალოდ გადმოსვლა და ოპერაციის გაკეთება, როგორც 2011 წელს მოხდა, რატომ არ შეუძლია სხვას. სხვათა შორის დელბა იმავე ორგანიზაციის წევრია ვინც აპროტესტებს ამ ახალგაზრდების გადმოსვლას, ახლა ალბათ სურს კოჭი გაუგოროს იმ ძალებს რუსეთში, რომელსაც არ მოსწონს ქართველების და აფხაზების კონტაქტი,“ - აცხადებს კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე.
საქართველოს ევროპული დემოკრატიების თავმჯდომარე პაატა დავითაია კი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული განვითარება აფხაზ სეპარატისტებს აშინებთ.
„სეპარატისტებს ეშინიათ საქართველოს წინსვლის და საქართველოს ევროპულ ოჯახში მოხვედრის, იმიტომ, რომ ეს იქნება ღია მესიჯი აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რომ მათ თუ უნდათ თავის გადარჩენა უნდა იყვნენ ევროპულ ოჯახში, რაც არ ჯდება მათ გეგმაში. ყოველდღე ისინი ხედავენ რუსულ ტანკს და უცებ საქართველოში ხედავენ მესის, ეს არის შედარება რაც აშინებს სეპარატისტებს,“ - ამბობს პაატა დავითაია.