მოსამართლეობის კანდიდატებთან დახურულ რეჟიმში გასაუბრებას არასამთავრობოები აპროტესტებენ
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის საბჭოს დახურულ სხდომებზე ტარდება, რასაც კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წევრი ორგანიზაციები აპროტესტებენ.
მათი განცხადებით ბოლო პერიოდში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები, წინა წლებისაგან განსხვავებით, დახურულ ფორმატში წარიმართა.
კანდიდატების კენჭისყრის შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით გამოქვეყნდა. დაინტერესებულ პირებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ და შეეფასებინათ პროცესი.
„2014 წლამდე გასაუბრებები მოსამართლეებთან იყო ღია, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს გამჭვირვალე, რადგანაც ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ გასაუბრებისას უხერხული შეკითხვების დასმას მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ და თემის პოლიტიზირებას. ეს პროცესის ღიაობა თავიდან აგვაცილებს ძალიან ბევრ უარყოფით საკითხს,“ - განაცხადა IDFI-ს წარმომადგენელმა გიორგი კლდიაშვილმა.
პროცესის დახურვას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ ოპოზიციაში, ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის ნინო გვენეტაძის შემდეგ ხელისუფლება მოსამართლეების საკუთარი ინტერესებით დანიშვნაზე მუშაობს.
ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების პრეტენზიებს მმართველი გუნდი არ იღებს. გია ვოლსკი ამბობს, რომ საკითხი წინა ხელისუფლების დროს იყო პოლიტიზირებული.