რამდენიმე წლის წინ მეზობლებს შორის დაწყებული დავა ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობით დასრულდა
რამდენიმე წლის წინ მეზობლებს შორის დაწყებული დავა ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობით დასრულდა.
სოფელ კავთისხევში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ თაგვიაშვილი სამართალდამცველებმა დღეს გამთენიისას დააკავეს. თანასოფლელის ინტერესების დასაცავად დღეს მისი მეზობლები შეიკრიბნენ.
ისინი მკვლელობის პროვოცირებაში მათივე თანასოფლელს გულიკო წივილაძეს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ორ ოჯახს შორის საყოფაცხოვრებო დავა მსხვერპლით სწორედ წივილაძის გამო დასრულდა.
კავთისხევში ყვებიან, რომ მეზობელთან ურთიერთობის გასარკვევად გულიკო წივილაძემ ნათესავები ჩამოიყვანა, რომლებმაც ის საკუთარი სახლის ეზოში სცემეს.
კავთისხევის მაცხოვრებლების ინფორმაციით მოჩხუბარების გაშველების შემდეგ ნაცემი სახლში შებრუნდა, იარაღი გამოიტანა და გულიკო წივილაძის ერთ-ერთ ნათესავს, მალხაზ ანდრიაძეს ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გულიკო წივილაძე აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და კონფლიქტის დაწყებაში ბრალდებულს ადანაშაულებს.
ავტორები: ეკა გაგუა, ვაჩე გოგოლაშვილი.