საჰაერო თავდაცვის სისტემების ხელშეკრულება გაფორმებულია - ხელმოწერა პარიზში
საქართველოს გაუჩნდა უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმებას.
ხელმოწერის ცერემონია პარიზში, ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში გაიმართა. თინა ხიდაშელის თქმით, საუბარია სწორედ იმ ხელშეკრულებაზე, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში და მის წინამორბედ მინისტრებს პროცესის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს დავასრულეთ პირველი ეტაპი ფრანგებთან მოლაპარაკების და გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ორ წინამორბედ მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყეს, წარმართეს და მე მერგო პატივი, რომ პროცესი დამესრულებინა, ხელშეკრულებისთვის საბოლოო ფორმა მიგვეცა და ხელი მოგვეწერა. მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა საქართველოს არის უმნიშვნელოვანესი მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მადლობა ვუთხრა ფრანგულ მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან გრძელი პროცესის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას და გაძლიერებას“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელი პარიზში თავის ფრანგ კოლეგასაც შეხვდა. საუბარი ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპულ ტურნეში უკვე რადნეიმე დღეა იმყოფება. თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი მინისტრმა საფრანგეთიდან გამოუცხადა.