17-მდე გაიზარდა ოდესის ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
სულ მცირე 17 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა ოდესის ოლქზე წუხანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. მანამდე დადასტურებული იყო 10 ადამიანის სიკვდილი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული ავიაგამანადგურებლიდან ნასროლი რაკეტები ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლს და დასასვენებელი ბაზის ტერიტორიას.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივნის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტმის შედეგად, დაიღუპა 14 ადამიანი და დაშავდა 30, მათ შორის 3 ბავშვი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დასასვენებელი ბაზის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, ნაწილობრივ დაინგრა ორი, სამსართულიანი და ოთხსართულიანი შენობა. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.