ჟინვალში გზიდან ხევში მიკროავტობუსი გადავარდა, არიან გარდაცვლილები
ჟინვალში საავტომობილო გზიდან მიკროავტობუსი გადავარდა. ადგილზე მისულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ, ექვსი კი - დაშავებული. გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
"მივდიოდი გუდაურის მიმართულებით, წინ მიდიოდა "ნივა", რომელმაც მომიჭრა გზა, გვერდიდან დამარტყა და ინერციით გადავარდი ხევში... ხრამში გადავიჩეხეთ, ვცდილობდი იქაც სწორად ჩავსულიყავი, მაგრამ მანქანა გადაბრუნდა..." - თქვა მიკროავტობუსის მძღოლმა "მთავარ არხთან" საუბრის დროს.
დუშეთის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ამბობს, რომ შეყვანილი ექვსი პაციენტიდან ერთს მძიმე დაზიანებები ჰქონდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, ორს კი მრავლობითი მოტეხილობები და ჭრილობები ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-16 ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რა დროსაც რამდენიმე პირი გარდაიცვალა, ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.