ლილუაშვილი კრებსების შესახებ: რაღაც პროცენტი ადასტურებს დიალოგის თუ ინფორმაციის ნამდვილობას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა 12 სექტემბერს გავრცელებული ფარული ჩანაწერების შესახებ. როგორც ის აცხადებს, მისი ინფორმაციით, ჩანაწერებში მოხვედრილი ადამიანების რაღაც პროცენტი ადასტურებენ დიალოგების თუ ინფორმაციის ნამდვილობას, ხოლო, მათი დიდი ნაწილი არ ადასტურებს.
„სუსი აწარმოებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე. გინახავთ სადმე სპეცსამსახური ან სამართალდამცავი უწყება, რომლის ხელშიცაა გამოძიება, რომელიც არ აწარმოებს? თუმცა ეს უნდა ხდებოდეს კანონიერ საფუძველზე და კანონმდებლობით დაწესებული წესების დაცვით.
გავრცელებული არ იყო ფაილები, ჩვენი ინფორმაციით, ეს არის „ვორდის“ დოკუმენტები, ჩვეულებრივ აკრეფილი, რომელიც შეიცავს გარკვეულ შინაარსს. დადასტურებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გამოძიების მსვლელობისას, რომელსაც გენერალური პროკურატურა აწარმოებს, ხდება ამ ტექსტების ავთენტურობის შესწავლა, რაღაც პროცენტი ადასტურებს დიალოგის თუ ინფორმაციის ნამდვილობას, ხოლო, ჩემი ინფორმაციით, დიდი ნაწილი ამას არ ადასტურებს. მე არ მინდა წინ გავუსწრო გამოძიებას და ჩემი ვერსიები შევთავაზო, თუმცა ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი ყველამ ვიხილეთ ცოტა ხანში, აჟიტირებული მედიასაშუალებები, გადაინაწილეს შინაარსობრივი მიმართულებების მიხედვით და ამ ტელევიზიებმა პირდაპირი შტურმი მოაწყვეს ჩვენი სამსახურის მისამართით. მიზანი იყო დაპირისპირების ჩამოგდება ჩვენ სამსახურს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ჩვენ სამსახურსა და დიპლომატებს შორის, თუმცა საბედნიეროდ ეს არ გამოუვიდათ," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტია განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა.
ფაილებში ვხვდებით სატელეფონო საუბრების შინაარსს, მიმოწერებს სოციალურ ქსელებში, შეხვედრებს და სხვ.