კლუბი „მტკვარზე“ აცხადებს, რომ შენობა დაუსწრებლად დალუქეს
კლუბი „მტკვარზე“ „ფეისბუკის“ გვერდზე წერს, რომ გუშინ, 24 დეკემბერს შენობა ისე დალუქეს, რომ ადგილზე არავინ იყო. კლუბი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციისთვის მზადებას იწყებს.
„ის რაც ჩვენი სექტორის მიმართ სახელმწიფომ ჩაიდინა, არის ადამიანების დაცინვა, მოტყუება და ტერორი. არავის მივცემთ ჩვენი აბუჩად აგდების უფლებას და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს სიმართლეს და ღირსებას", — ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
24 დეკემბერს შრომის ინსპექციამ რამდენიმე კლუბი დალუქა. თითქმის ორი წლის განმავლობაში დაკეტილი ღამის კლუბები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ მიზანმიმართულად ანადგურებს, საბაბად კი პანდემიას იყენებს.
24 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი “ბასიანი” 10 000 ლარით დააჯარიმა. მიუხედავად ამისა, კლუბმა დაგეგმილი ღონისძიება მაინც ჩაატარა.