ქუთაისში ენმ-მა მერის ხელფასის გაზრდა გააპროტესტა
ქუთაისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა გიგა შუშანიამ ქუთაისის მერიასთან ბრიფინგი ჩაატარა და ქალაქის მერის ხელფასის გაორმაგება გააპროტესტა. პირველი იანვრიდან მერის ხელფასი 5500 ლარამდე გაიზრდება. გიგა შუშანიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, უარი თქვან გაზრდილ ხელფასებზე და თანხა მოსახლეობის საჭიროებებს მოახმარონ.
„ქუთაისის მერიის საჯარო მოხელეების და მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასზე 2022 წელს ჯამში 33 მილიონი ლარი, წლევანდელთან შედარებით 7 მილიონით მეტი დაიხარჯება. ქუთაისის მერიის ვალი კი დღეის მდგომარეობით 25 მილიონ 377 ათას ლარს შეადგენს“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.
საქართველოს პრემიერ– მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეების ხელფასი პირველი იანვრიდან 10 %–ით გაიზრდება, მუნიციპალიტეტების მერების კი - გაორმაგდება.