რომის პაპი, ბრიტანეთის დედოფალი ტრადიციულ საშობაო მიმართვებში პანდემიის მეორე წელიწადს შეეხებიან
![რომის პაპი, ბრიტანეთის დედოფალი ტრადიციულ საშობაო მიმართვებში პანდემიის მეორე წელიწადს შეეხებიან](https://gdb.rferl.org/80a0a12e-decc-436e-9967-6c1af4347547_w800_h450.jpg)
რომის პაპი, ფრანცისკე, 25 დეკემბერს თავის ტრადიციულ სიტყვას, "ქალაქსა და მსოფლიოს" წარმოთქვამს ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრიდან, ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედისთვის კი ეს იქნება პირველი საშობაო მიმართვა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე გარდაიცვალა.
გავრცელებული მოლოდინით, პაპიც და დედოფალიც თავ-თავიანთ სიტყვებში შეეხებიან პანდემიას, რომელმაც მსოფლიოს გარშემო 5,3 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და რომელიც ამჟამად ერთ-ერთ ურთულეს ფაზაშია, კორონავირუსის ახალი ვარიანტით, ომიკრონით გამოწვეული ინფიცირების მატების გამო.
ვატიკანში დანიშნული მსახურების წინ, წმინდა პეტრეს ტაძრის ტერიტორიაზე შესვლისას მორწმუნეებს გაუზომავენ სიცხეს, მოთხოვნებს შორისაა ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანციის დაცვა.
ბაკინგემის სასახლემ გაავრცელა ფოტო, რომელიც დედოფალ ელისაბედის მიერ საშობაო მიმართვის ჩაწერის პროცესს აღბეჭდავს. საშობაო მიმართვები მონარქს აძლევს საშუალებას ისაუბროს შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე და სირთულეებზე, რომელთა წინაშეც მისი ქვეყანა დგას.