თოიძის თქმით, პრეპარატი რომელსაც სააკაშვილი იღებდა, ინიშნება ყველაზე სერიოზული ფსიქიატრიული დაავადების დროს და არა ძილის დარღვევისთვის
![თოიძის თქმით, პრეპარატი რომელსაც სააკაშვილი იღებდა, ინიშნება ყველაზე სერიოზული ფსიქიატრიული დაავადების დროს და არა ძილის დარღვევისთვის](https://gdb.rferl.org/97C8B544-BF11-4342-9303-CC670F7113FF_w800_h450.jpg)
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა ცენტრ „ემპათიის" ნევროლოგი ოთარ თოიძე. ის გამოეხმაურა სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფის შეფასებას, რომელიც ექსპრეზიდენტისთვის დანიშნულ მედიკამენტებს ეხებოდა.
„ლაპარაკი იყო ფსიქოტროპული პრეპარატების დოზირებაზე, რომ ეს არ არის ტოქსიკური დოზები. დიახ, ვეთანხმები, მაგრამ ეს ტოქსიკური დოზა არ არის ჩვეულებრივი პაციენტისთვის, ვინც ამას იღებს, მაგრამ ეს დოზა შეიძლება, გახდეს ტოქსიკური ადამიანისთვის, რომელიც დაუძლურებულია სხვადასხვა მდგომარეობით, ლაპარაკია ხანგრძლივ შიმშილობაზე", - თქვა თოიძემ.
როგორც ნევროლოგი განმარტავს, პრეპარატი, რომელსაც სააკაშვილი იღებდა, იყო, არა ფსიქოტროპული, არამედ ანტიფსიქოზური. ის ინიშნება ყველაზე სერიოზული ფსიქიატრიული დაავადების დროს და არა ძილის დარღვევისთვის. ექიმის საუბრიდან გამომდინარე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმების წევრების მხრიდან მისგან განსხვავებული შეფასება განაპირობა პაციენტთან დაშვების შეზღუდვამ.
თოიძის თქმით, „ემპათიამ“ დანიშნულება მოიპოვა პაციენტის გორში გადმოყვანის შემდგომ, შიმშილობის დაწყებიდან 55-ე დღეს. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო კონსილიუმმა პაციენტი ნახა რუსთავის ციხეში, შიმშილობის დაწყების პირველ დღეებში, გლდანში გადაყვანამდე.
„სხვა კონსილიუმებმა პაციენტი ნახეს წყვეტილად, სხვადასხვა კლინიკურ მდგომარეობაში, ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილი, როდესაც უკვე დამძიმებული იყო, მისი, როგორც ნევროფსიქოლოგიური, ასევე სომატური მდგომარეობა, - თქვა თოიძემ და განაგრძო, - ატყდა განგაში, რატომ არის პაციენტი ასეთ მძიმე მდგომარეობაში, მაშინ, როდესაც ის ასე არ იყო გორის ჰოსპიტალში შემოსვლის დროს. დანიშნულების შემოწმების შემდეგ, ინახა ეს პრეპარატი, რომელსაც შესაძლებელია, გამოეწვია ეს მდგომარეობა. მოიხსნა სასწრაფოდ ეს პრეპარატი, მეორე დღიდან კარგად გახდა, შედარებით. მესამე დღეს მას საშუალება ჰქონდა გამოსულიყო სასამართლო პროცესზე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, სამი-ოთხი დღის განმავლობაში თვალ-ყური გვედევნებინა უკვე ამ ჰოსპიტალში, რისი საშუალებაც სხვა ორ კონსილიუმს არ ჰქონდა".
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ფსიქიატრმა მარინა კურატაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ფარმაკოლოგიური წამების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მან თქვა, რომ ვერ ხედავს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს.
„მე ბატონი მიხეილი ვნახე მხოლოდ ერთხელ და მას ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა, - აღნიშნა კურატაშვილმა და დაამატა, - მე ნამდვილად გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტებს, დანიშნულების ფურცლებს რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, რომელშიც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმალური დოზა „კეტილეპტი“. მას 100 მგ ჰქონდა დანიშნული და თუ ამ დოზაზე ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მგ-ს, ზოგჯერ მისი თხოვნითაც. სხვათა შორის, ის, რომ მას 200მგ დაუნიშნა ერთ-ერთმა კონსულტანტმა, დასაბუთებულია იმით, რომ 150მგ უკვე მიღებული ჰქონდა და შეიძლებოდა ასე დოზის მომატება“.
13 დეკემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეოთხე დასკვნაა გამოაქვეყნა.
დოკუმენტი ნახეთ აქ
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მან შიმშილობა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო, მაშინ როცა სააკაშვილი დააკავეს. მან 50-დღიანი შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.