ჩემი ამოცანა არაა “ოცნების” განადგურება და უსამართლო სისტემაზე დაპატრონება - ხოშტარია
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ეხმაურება „შერიგების” ინიციატივას. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ის ამ სიტყვას არასწორს, ყალბს და კომიკურს უწოდებს.
„თითქოს ოცნება და ოპოზიცია, ანუ ჩვენ პოლიტიკოსები, უნდა შევრიგდეთ. თითქოს გაბუტულები ვიყოთ… ოპონენტები ვართ და უნდა ვიყოთ”, - წერს ხოშტარია და ამატებს: „თითქოს დანაშაულები უნდა ჩამოიწეროს. დანაშაულების ჩამოწერა უდანაშაულობის და უსამართლობის განცდას ისე გააძლიერებს, რომ ხალხსაც გული აერევა ყველაფერზე და ჩვენც კიდევ უფრო თავხედები გავხდებით, სახელმწიფო კი ფუნქციას დაკარგავს”.
ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ ყველა უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური და საზოგადოების ცხოვრების წესებზე, რაც კონსტიტუციით ისედაც განსაზღვრულია, მაგრამ არ სრულდება:
„ჩვენი მეტოქეობა რჩება და დარჩება, მაგრამ ჩვენი ამოცანა ძალაუფლების ცვლილება და არა ურთიერთგანადგურებაა; ორივე მხარემ პატივი უნდა სცეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც განსხვავებულ აზრზეა. აქ ოპოზიციიის დიდ როლსაც ვხედავ”.
პოსტის თანახმად, დანაშაულის მასშტაბს და ადრესატებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი სასამართლო. პოლიტიკოსები ვერასდროს შეთანხმდებიან ორი ცხრა წლის, ორი ხელისუფლების შეფასებაზე და არც არის აუცილებელი.
„დანაშაულის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა ჩვენი შეთანხმებით, ან ვინაა დღეს ძლიერი იმითი, არამედ დამოუკიდებელი სასამართლოთი; ძალაუფლების განსმაზღვრელი უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები”.
ხოშტარია განაგრძობს იმით, რომ არ სჯერა, რომ „ქართული ოცნება” რეფორმებს გაატარებს, მაგრამ ეცდება დაიყოლიოს ის.
„მნიშვნელოვანია, მე როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა, ხალხს ვუთხრა, რომ, დიახ, ჩემი ამოცანა არის ეს და არა უბრალოდ ოცნების განადგურება და მერე ამ უსამართლო სისტემაზე დაპატრონება და მოგებულის პოზიციიდან ვინმეს ჩაგვრა”.
10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, „საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას”.