სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ქუთაისში აქცია გამართეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელბმა, მხარდამჭერებმა და მეშვიდე მოწვევის საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიასთან შეკრებულმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელებმა განაცხადეს საერთო ეროვნული კონსესუსის მიღწევა ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე შეუძლებელია, კონსესუსი კი პოლარიზაციის დასრულების და ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზაა.
„სირცხვილია მესამე პრეზიდენტი ციხეში იყოს გამომწყვდეული იმ ბრალდებებით, რაც მიხეილ სააკაშვილის წაყენებული აქვს და კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, მესამე პრეზიდენტი არ იყოს ქვეყნის მოქალაქე და არ ჰქონდეს პოლიტიკური აქტივობის შესაძლებლობა“ – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
„სრულად პროპორციული არჩევნებით ხელისუფლებას აღარ ექნება მანიპულირების საშუალება და მაჟორიტარების ხარჯზე ვერ შექმნის უმრავლესობას, როგორც ახლა, და რაც საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ნამდვილად არ არის“, – აცხადებს ენმ–ს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბესიკ ბრეგაძე, მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ პრინციპით, რომელზეც „ქართული ოცნება“ თანახმა იყო და სრულად პროპორციული წესით პარლამენტის არჩევის შემდეგ ქვეყანაში და ქალაქში შეიცვლება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სოციალური პირობები.
აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდეს, უარი თქვან ბიძინა ივანიშვილის სამსახურში ყოფნაზე და ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ.
ენმ–ს წევრები თვლიან, რომ მშვიდობიანი და პერმანენტული აქციებით აიძულებენ ხელისუფლებას დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.
ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილმა წერილი გაავრცელა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, სადაც ის საპროტესტო შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. ის წერს, რომ დეკემბერში ძალიან დიდი აქციისტის ემზადებიან.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში აქციები პერმანენტულად იმართება.
8 დეკემბერს თბილისში აქცია გაიმართა პრეზიდენტის სასახლესთან. აქციის ორგანიზატორები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას და მიხეილ საააკშვილის შეწყლებას ითხოვდნენ. საქართველოს პრეზიდენტი აქციის ორგანიზატორებს არ შეხვდა.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.