"აჩვენე ბიძი(ნ)ას პასპორტი" - აქცია ბათუმში "მწვანე პასპორტების" წინააღმდეგ
პოლიტიკური პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და ე.წ. მწვანე პასპორტების გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს.
როგორც აქციის წევრები აცხადებენ, ისინი 1 დეკემბრიდან საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც "მწვანე პასპორტის" გარეშე მოქალაქეებს გარკვეულ ობიექტებზე შესვლა ეკრძალებათ.
"დღევანდელი პერფორმანსი ეხება იმ ბოლო რეგულაციას "მწვანე პასპორტებთან" მიმართებაში, როცა ადამიანები გვასწავლიან ცხოვრებას, გვაიძულებენ ვიმოქმედოთ ისე, როგორც თვითონ გონიათ სწორი.
აქ ჩვენ წარმოვადგინეთ, ამ ხალხს როდის რა ეგონათ სწორი და უამრავი ის არაადექვატური წარმოდგენა და აზრები ამ სამყაროს შესახებ ზოგადად, დავანახეთ ადამიანებს, რომ დღეს დავდივართ იმ ხალხის ჭკუაზე, რომლებიც ამბობენ ისეთ ფრაზებს, რაც აქ გვაქვს წარმოდგენილი", - განაცხადა "გირჩის" წევრმა ცოტნე კობერიძემ.
1 დეკემბრიდან, საქართველოში 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები და, ასევე, უცხო ქვეყნების მოქალაქეები კონკრეტულ დაწესებულებებში დაიშვებიან მხოლოდ ე.წ. მწვანე პასპორტით. ამასთან, „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო არ არის მომსახურე პერსონალისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.
აპლიკაციით CovidPass Georgia სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.
Georgia e-Health-ი გამოიყენება საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში. ამასთან, რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ ამ აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოშიც, იმ დაწესებულებებში შესასვლელად, სადაც "მწვანე პასპორტი" აუცილებელია.
მათთვის, ვინც აპლიკაციის გამოყენებას ვერ შეძლებს, იუსტიციის სახლი გასცემს სრულად ვაქცინაციის დოკუმენტს. ტესტირების დამადასტურებელი ცნობის გამოთხოვა შესაძლებელია შესაბამისი ლაბორატორიიდან. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზის ნომრებია: 1505, 144, 1522.
„მწვანე პასპორტის“ გარეშე ყოფნის შემთხვევაში დაჯარიმდება არა მოქალაქე, არამედ ბიზნესსუბიექტი - ინდივიდუალური მეწარმე 2000 ლარით და იურიდიული პირი - 10 000 ლარით. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება.