კიევი „ჰიბრიდული ომის“ გაგრძელებას უწოდებს „უკრაინის აგენტების“ დაკავების შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობას
კიევი უარყოფს და „ჰიბრიდული ომის“ შემადგენელ ნაწილს უწოდებს მოსკოვის მიერ „უკრაინის აგენტების“ დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 2 დეკემბერს გაავრცელა განცხადება უკრაინის სპეცსამსახურის სამი აგენტის დაკავების შესახებ. უწყება ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი მათგანი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს აგენტი, 1,5 კილოგრამის სიმძლავრის ტროტილით გეგმავდა ტერაქტის მოწყობას. დანარჩენი ორი კი, 1974 წელს და 1999 წელს დაბადებული მამა-შვილი, უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით, რუსეთში საიდუმლო სტრატეგიული ობიექტებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციების შესაგროვებლად და ფოტოების გადასაღებად ჩავიდა.
რადიო თავისუფლების თხოვნით უკრაინის უშიშროების სამსახურმა კომენტარი გააკეთა რუსეთის სპეცსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელსაც ფეიკი უწოდა და დასძინა, რომ რუსეთი ამ დეზინფორმაციით ცდილობს გადაფაროს მისი უშიშროების სამსახურის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული დივერსიული საქმიანობა.
„რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მსგავსი განცხადება უნდა განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდული ომის პრიზმაში, რომელშიც უმთავრეს როლს საინფორმაციო პროპაგანდა და ფეიკების გავრცელება თამაშობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის უშიშროების სამსახური სპიკერმა არტიომ დეხტერენკომ.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გაიხსენა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური უპირისპირდება უცხო ქვეყნების სადაზვერვო-ძირგამომთხრელ საქმიანობას უკრაინის ტერიტორიაზე. დეხტარენკოს თანახმად, 2021 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოავლინა უცხოეთის 50 აგენტი, მათგან ორი „ცხელ კვალზე“, დივერსიულ-ტერორისტული აქტების ჩატარების მცდელობის დროს დააკავეს.
„ნოემბერში უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოააშკარავა რუსეთის უშიშროების სამსახურის კადრის თანამშრომელთა უპრეცედენტო რაოდენობა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებზე 5000-ზე მეტი კიბერ-შეტევა განახორციელეს. სახელებით და გვარებით დადგინდა რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიცრები და ხელთ ვიგდეთ მათი საუბარი. როგორც ჩანს, ეს აღმოჩნდა დიდი რეპუტაციული დანაკარგი რუსეთის ეფ-ეს-ბესთვის, რომელიც მორიგი ფეიკებით ცდილობს უკრაინის სპეცსამსახურის დისკრედიტაციას“, - განაცხადა არტიომ დეხტერენკომ.