37-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა პატიმარმა ბექა ცერცვაძემ
„გლდანის ციხის პატიმარმა, 30 წლის ბექა ცერცვაძემ, რომელიც 26 ოქტომბრიდან 37 დღის განმავლობაში შიმშილობდა პროტესტის ნიშნად და მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, შიმშილობა შეწყვიტა“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა უთხრა:
„37-ე დღეს, მას შემდეგ, რაც გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, რაც უკიდურესად გაუარესდა ბექას მდგომარეობა და, რაც მამამისმა 24 ნოემბერს ციხის წინ თავის დაწვა სცადა, პროკურატურა წამოვიდა დათმობაზე და მოგცვა პირობა, რომ 9 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე, პატიმრობის საკითხის გადახედვისას, ისინი დაუჭერენ მხარს ადვოკატების შუამდგომლობას გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ბექა დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას“.
2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, ბექა ცერცვაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მას შელაპარაკება მოუვიდა პრობაციის სააგენტოს დაცვის პოლიციის თანამშრომლებთან - კამათი იმას მოჰყვა, რომ ბექა ცერცვაძეს შენობაში პირბადის აწევა მოსთხოვეს. პრობაციის სამსახურში ყოფილი პატიმრის სავალდებულო ეს ვიზიტი ისევ მისი დაკავებით დასრულდა. ის შენობიდან ძალით გამოაძევეს, თუმცა საქმის გარჩევა გარეთაც გაგრძელდა.
ბექა ცერცვაძე იქ მომხდარ ამბავს საკუთარი ტელეფონით იწერდა. მას დღეს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, მუქარას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ასევე პოლიციისდმი წინააღმდეგობის გაწევას.
ადვოკატის თქმით, ბექა ცერცვაძე იმდენად დასუსტებულია ფიზიკურად, რომ 9 დეკემბერამდე ვერ მიაღწევდა ცოცხალი.
„ამიტომ ვენდეთ პირობას და გუშინ დილით, ოჯახის და მეგობრების თხოვნით, შეწყვიტა შიმშილობა. ახლა ველოდებით 9 დეკემბერს, რომ პროკურატურა შეასრულებს პირობას და პატიმრობა შეეცვლება გირაოთი. ძალიან სუსტად არის, საკონცენტარციო ბანაკების ტყვეს ჰგავს, მაგრამ სულიერად უზომოდ მხნედ არის და გახარებულია ამხელა მხარდაჭერით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა.