„ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პლენარულ სხდომების მუშაობაში მონაწილეობას უბრუნდება. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა „ინტერპრესნიუსს“.
ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, „ლელოს“ ბოიკოტი მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებამდე ჰქონდა გამოცხადებული და მას შემდეგ, რაც ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვეულ საპარლამენტო ცხოვრებას დაბრუნებოდნენ.
„ყველა რესურსი, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნა ბოლომდე არის გამოსაყენებელი. ხელისუფლების ინტერესშია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტმა დაკარგოს თავისი ფუნქცია, ვფიქრობ ეს კარგად არის ოპოზიციის მხრიდან დასანახი. მგონია, მოცემულ ეტაპზე მათ არ უნდა დავყვეთ და საპარლამენტო პლატფორმა უნდა შევინარჩუნოთ“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.