დენის შმიჰალი: სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნებს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დემის შმიჰალი რუსეთის ჭარბი სამხედრო ძალების კონცენტრაციის გამო დაძაბულს უწოდებს უკრაინის საზღვრის მახლობლად შექმნილ სიტუაციას, მაგრამ აცხადებს, რომ დღესდღეობით ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან თავდასხმის ნიშნებს.
„რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვრის მახლობლად ხდება რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის გადაადგილება. ამას ადასტურებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც და ყველა სპეციალური სამსახური. დღესდღეობით სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ თავდასხმის ნიშნებს“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება ეწინააღმდეგება უფრო ადრე უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ შეფასებას.
რუსეთი, რომელმაც სულ მცირე 92 ათას ჯარისკაცს და შეიარაღებას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან, მომდევნო წლის იანვარ-თებერვალში ამზადებს თავდასხმას უკრაინაზე.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენო „ევროპეისკა პრავდა“ იუწყება გამოცემა Military Times-ზე დაყრდნობით, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროს, კირილ ბუდანოვს ესაუბრა.
სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, სავარაუდო თავდასხმა მოიცავს საარტილერიო და საავიაციო დარტყმებს, რომელსაც მოჰყვება სადესანტო ძალების იერიში აღმოსავლეთ უკრაინაზე, ასევე ოდესასა და მარიუპოლზე.
რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის შესახებ გავრცელებულ ცნობებს 22 ნოემბერს გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, რომელმაც „ისტერიკა“ უწოდა ასეთ განცხადებებს და აშშ-ი დაადანაშაულა სიტუაციის დაძაბვაში.