რუსეთმა გააძლიერა საჰაერო პატრულირება პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დმიტრი პოლიანსკი, აცხადებს, რომ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების ფრენა ბელარუსის თავზე განპირობებულია პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ევროპულ მონაკვეთზე დამატებითი სამხედრო ძალების თავმოყრით.
„რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო შეთანხმებისა და კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ მოვახდინოთ რეაგირება, როდესაც ბელარუსის საზღვარზე ხდება სამხედრო რესურსების ზრდა“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
10 ნოემბრიდან რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა Ту-22М3-ის კლასის ბომბდამშენებმა დაიწყეს საჰაერო პატრულირება ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ. რუსულ სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად ჰაერში აიჭრა ასევე „საჰაერო თავდაცვის ჯარების ერთიან რეგიონულ სისტემაში შემავალი გამანადგურებლები“. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ასეთი რეისები ამიერიდან რეგულარული გახდება.
ამას გარდა, ევროკავშირის საზღვრის გასწვრივ ბელარუსის ხელისუფლებამ გააძლიერა საჰაერო თავდაცვის ჯარების სამორიგეო პოსტები.
11 ნოემბერს კი ორმა რუსულმა Ту-ТУ-160-მა ბომბები ჩამოყარა ბელარუსის ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე.
ამას გარდა, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს 12 ნოემბრის ინფორმაციით, ორი ქვეყნის საჰაერო-სადესანტო ჯარები ლიეტუვის საზღვრის მახლობლად ჰროდნოს ოლქში განლაგდნენ. ბელარუსის სამხედრო უწყების განცხადების თანახმად, დესანტის გადასხმა, ეს არის სამოკავშირეო ერთობლივი სახელმწიფო ძალების სწავლების ელემენტი, რომელიც ტარდება სახელმწიფო საზღვართან სამხედრო მოქმედებების გააქტიურების გამო.