მდინარაძე სააკაშვილის გადაყვანის კადრებზე: თვითონ რომ ფორთხავდა ომის დროს, მაშინ შემრცხვა
![მდინარაძე სააკაშვილის გადაყვანის კადრებზე: თვითონ რომ ფორთხავდა ომის დროს, მაშინ შემრცხვა](https://gdb.rferl.org/50354cb1-8564-4df3-a0bd-8aa681bed012_w800_h450.jpg)
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არასასიამოვნო სანახავი იყო გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრები. თუმცა, მან ჟურნალისტს კითხვაზე, უხერხულობის შემქმნელი იყო თუ არა ეს კადრები, ასე უპასუხა:
"რასაც მეკითხებით - უხერხულობას ვინმეს უქმნის თუ არა, უხერხრულობას კი არა უფრო მეტს გვიქმნის ის კადრები, სადაც ის თვითონ ფორთხავს. აქ არავინ აფორთხიალებდა, მიჰყავდათ. თვითონ როდესაც ფორთხავს, აგვისტოს ომის დროს შეშინებული და დამფრთხალი, მოჩვენებები რომ ჰქონდა და ფორთხავდა, მაშინ უხერხულობა კი არ შემექმნა, შემრცხვა".
მდინარაძემ თქვა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები იძულებულები იყვნენ ამ ფორმით შეეყვანათ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში.
"ეს სასიამოვნო სანახავი არავითარ შემთხვევაში არ არის ისევე, როგორც რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ადამიანი, მისი დაკავების კადრი არის ძალიან უსიამოვნო სანახავი. მაგრამ ამ კადრებით წერტილი დაესვა იმ რამდენიმედღიან ბევრ ტყუილს... მისი შეურაცხყოფისა და მისი ქმედებების შესაბამისად იძულებულები იყვნენ და მოუწიათ ის იძულების წესით შეეყვანათ საკანში თუ პალატაში..." - თქვა მდინარაძემ.
11 ნოემბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საჯარო ინტერესით ახსნა. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ კადრებში ჩანს, როგორ აყენებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შეურაცხყოფას. გავრცელებული ვიდეომასალები დამონტაჟებულია და არ ასახავს გადაყვანის პროცესს სრულად.
"კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოქვეყნებული კადრები ასახავს პატიმრის პროტესტს, საკუთარი ნებით შევიდეს გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში.
"რას ნიშნავს დავმშვიდდე, პუტინის დავალებას ასრულებთ, ივანიშვილის ლეკვო. წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!.. მომისმინეთ კარგად, არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ფეხით. არცერთ მავთულს არ მივიერთებ ჩემი ნებით, ვერცერთ სამედიცინო პროცედურას ვერ ჩამიტარებთ ჩემი ნებით... თქვენ ხართ უკანასკნელი ნაძირლები, თქვენ არ ხართ ადამიანები. შენ ხარ მკვლელი... მე აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ, წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში..." - ამბობს სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
სააკაშვილის იქ მიყვანის მომენტიდან პატიმრების საკნებიდან ისმოდა მისი მისამართით გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები.