ახალგორის რაიონში ინსპექტირება მოულოდნელად ჩაატარეს
![ახალგორის რაიონში ინსპექტირება მოულოდნელად ჩაატარეს](https://gdb.rferl.org/6A1B928B-484A-46DE-867D-BD289913A094_w800_h450.jpg)
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა სამსახურმა მოულოდნელი „რეიდები" ჩაატარა ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების ობიექტებსა და საავადმყოფოში. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ ახალგორის საავადმყოფო რთული ეპიდემიური მდგომარეობის ფონზე შეამოწმა.
„სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ექიმების თქმით, სტაციონარში მედიკამენტების დეფიციტი არ არის. რაც შეეხება ეპიდემიურ რეჟიმთან შესაბამისობას, გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რაზეც მივუთითებთ საავადმყოფოს ხელმძღვანელობას", - განაცხადა მარინა კოჩიევამ. მას არ დაუკონკრეტებია რა სახის ხარვეზები გამოვლინდა ახალგორის საავადმყოფოში.
ამ დღეებში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აქტიურად წერდა „ფეისბუკზე" ახალგორის საავადმყოფოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ და ადგილობრივ ექიმებს არაკომპეტენტურობის და გულგრილობის გამო აკრიტიკებდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მაღაზიებიც შეამოწმა და აღნიშნა, რომ პირბადეების რეჟიმი დაბაში შედარებით მოწესრიგდა და უკვე ქუჩაშიც ბევრ ადამიანს უკეთია პირბადე. მან დასძინა, რომ მსგავსი ინსპექტირება დე ფაქტო რესპუბლიკის სხვა რაიონებშიც ჩატარდება. მისი თქმით, სექტემბრიდან ინფიცირების მაჩვენებელი ახალგორის რაიონში 11 პროცენტით, ზნაურის რაიონში კი 4 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 71 პროცენტი, ცხინვალზე მოდის.